ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლარისა ვან დენ ჰერიკის საჯარო ლექცია: „საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საფუძვლების განმტკიცება: ICC-ის გარშემო არსებული გამოწვევები“ გაიმართა.
ღონისძიება თსუ ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეთა შორის იყვნენ ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე, აკადემიური სფეროს წარმოამდგენლები და სტუდენტები.
საჯარო ლექცია თსუ იურიდიული ფაკულტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანამშრომლობით, ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას მიეძღვნა. 1940 წლის 26 ნოემბერს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა კლევერინგამ საჯარო გამოსვლაში გააპროტესტა ნაცისტური ოკუპანტი ძალების მიერ ებრაელი პროფესორ-მასწავლებლების და განსაკუთრებით მისი კოლეგის, მაიერსის სამსახურიდან გათავისუფლება. ამის გამო ის მალევე დააკავეს. მისმა გამოსვლამ სტუდენტების გაფიცვა გამოიწვია. უნივერსიტეტი ნაცისტებმა დახურეს და მთელი ომის განმავლობაში დახურული დარჩა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, პროფესორ კლევერინგას პატივსაცემად, ყოველწლიურად, ლეიდენის უნივერსიტეტის ფონდი მართავს „კლევერინგას ლექციებს“ მსოფლიოს მრავალ ადგილას.
აღსანიშნავია, რომ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე 2023 წელსაც გაიმართა კლევერინგას ლექცია ლეიდენის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანამშრომლობით, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების, კერძოდ, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და პრაქტიკაში მისი რეალიზების პერსპექტივების განხილვას მიეძღვნა.
ლარისა ვან დენ ჰერიკი არის პროფესორი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით ლეიდენის უნივერსიტეტის გროტიუსის საერთაშორისო სამართლებრივი კვლევების ცენტრში. იგი ასევე არის მოსამართლე ჰააგის რაიონულ სასამართლოში, საერთაშორისო დანაშაულების განყოფილებაში. პროფ. ჰერიკი არის „კემბრიჯის კვლევების საერთაშორისო და შედარებითი სამართლის“ მთავარი რედაქტორი. მისი უახლესი წიგნია - „გაეროს უშიშროების საბჭო და მშვიდობის შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ C. Cai-სა და T. Maluwa-ს თანაავტორობით რომელიც 2024 წელს გამოიცა.